განუმეორებელი გურამ დოჩანაშვილი ))

გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში. მამა – პეტრე დოჩანაშვილი(ექიმი), დედა – გულნარა ემხვარი (დიასახლისი). მომავალი მწერალი იზრდებოდა ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე. ბებია – მერი(ფაცა) კორძაია, ბაბუა – სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია – ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს.
1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ საქართველოს ერთგული და ღირსეული შვილები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი,ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გონჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე. 1956 წელს მათ თავს დაატყდათ „სუკ“-ის რისხვა სამშობლოს უსაზღვრო და გულწრფელი სიყვარულის გამო. გურამ დოჩანაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მისჯილი ჰქონდა სამწლიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.
1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი(ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. 1962-75 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე. მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორია. მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს.
უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს. მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო (7 აპრილი), და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. 1968 წელს მიიღეს მწერალთა კავშირში, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 1990 წელს. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება“, – ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი.

გაბრიელ გარსია მარკესი..♥))

გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი (Gabriel José García Márquez) დაიბადა 1928 წლის 6 მარტს ქალაქ არაკატაკაში (მაგდალენას დეპარტამენტი, კოლუმბია). ბავშვობაში იზრდებოდა ბებიასთან და ბაბუასთან (დედის ხაზით). სწორედ მათ გააცნეს მომავალ მწერალს ხალხური თქმულებები, ზღაპრები, გადმოცემები, რაც შემდგომ მისი შემოქმედების მთავარ ნაწილად იქცა. ბაბუა, გადამდგარი პოლკოვნიკი, შვილიშვილს გაუთავებლად მოუთხრობდა სამოქალაქო ომის ისტორიებს, სიყმაწვილის დროინდელ ამბებს. “მას დავყავდი ცირკში, კინოში და ერთგვარ ჭიპს წარმოადგენდა, რითაც მაკავშირებდა ისტორიასთან და რეალობასთან”, – იგონებს მწერალი.
1940 წელს, 12 წლის ასაკში, გაბრიელმა სტიპენდია მიიღო და სწავლა დაიწყო ქ. სიპაკირის იეზუიტურ კოლეჯში, ბოგოტიდან 30 კილომეტრზე. 1946 წელს მშობლების დაჟინებული რჩევით შევიდა ბოგოტის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. აქ გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე, მერსედეს ბარჩა პარდო (იქორწინეს 1958 წელს, შეეძინათ ორი ვაჟი – როდრიგო და გონსალესი).
უნივერსიტეტში სწავლა დროზე ადრე შეწყვიტა და 1950 წლიდან ჟურნალისტიკას და მწერლობას მიჰყო ხელი. მასზე დიდი გავლენა მოახდინეს მწერლებმა: ერნესტ ჰემინგუეი, უილიამ ფოლკნერი, ჯეიმს ჯოისი, ვირჯინია ვულფი.
1954 წელს გარსია მარკესი მუშაობას იწყებს როგორც ბოგოტას ყოველდღიური გაზეთის “ელ-ესპექტადორის” რეპორტიორი, მოგვიანებით კი მუშაობს ამავე გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში.
მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები “დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი” 1955 წელს გამოქვეყნდა გაზეთში, პუბლიკაციების სერიის სახით. წიგნი მოგვითხრობს გემის დაღუპვის ნამდვილ ამბავს, თხრობის პროცესში ამხელს გემზე კონტრაბანდისტული საქონლის არსებობას, რაც ჭარბტვირთიანობის გამო, გემის დაღუპვის მიზეზი ხდება. ამ ნაწარმოებმა საზოგადოების მითქმა–მოთქმა გამოიწვია, რადგან მასში მოთხრობილი ამბავი ეწინააღმდეგებოდა გემის დაღუპვის გამოცხადებულ ოფიციალურ ვერსიას. სტატიებმა ისეთი სკანდალი გამოიწვია, რომ გაზეთი დახურეს, ხოლო ევროპაში კორესპოდენტად გაგზავნილი გარსია მარკესი უფულოდ დატოვა. სწორედ აქედან დაიწყო გაბრიელ–გარსია მარკესის ურთიერთობის დაძაბვა კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რამაც შემდგომში იგი საკუთარ სამშობლოში პერსონა ნონ გრატად აქცია.

1961 წელს გამოვიდა მოთხრობა “პოლკოვნიკს არავინ წერს”, 1966 წელს – რომანი “ავბედითი საათი”.

1967 წელს დაიწერა რომანი “მარტოობის ასი წელიწადი” (ქართულად თარგმნა ელზა ახვლედიანმა). პირველი გამოცემიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. პაბლო ნერუდა წერდა: “შესაძლოა ეს წიგნი ესპანურ ენაზე დაწერილი ყველაზე დიდი აღსარებაა “დონ კიხოტის” შემდეგ”. პერუელი მწერლის ვარგას ლიოსის სიტყვებით: “წიგნმა ლიტერატურული მიწისძვრა განაპირობა”. წიგნი მოგვითხრობს გამოგონილი სოფლის, მაკონდოს (ქ. არაკატაკას მიხედვით, სადაც მარკესმა გაატარა ბავშვობა) მცხოვრებლების რამდენიმე თაობაზე, სოფლის დაარსებიდან უკანასკნელი ბუენდიას დაღუპვამდე. მაკონდო წარმოადგენს ლათინური ამერიკის სიმბოლოს, ხოლო მისი დამაარსებელი ბუენდია თავისი შთამომავლობით – მსოფლიო ისტორიას. წიგნში ნაამბობია მარტოობის იმ ას წელიწადზე, რომელიც თან სდევდა ბუენდიების გვარის წარმომადგენლების ცხოვრებას თაობიდან თაობამდე. ამ რომანით გაბრიელ გარსია მარკესმა რომულო გალეგოს პრემია დაიმსახურა 1972 წელს. 1982 წელს კი მას ნობელის პრემია მიენიჭა ნაყოფიერი ლიტერატურული კარიერისათვის.

1975 წელს გამოვიდა რომანი “პატრიარქის შემოდგომა”, რომლის მთავარი გმირი ამერიკელი დიქტატორის ჰიპერბოლიზებულ სახეს წარმოადგენს. გმირის ხასიათი გადმოცემულია სხვადასხვა თვალსაზრისით.

1981 წელს მარკესმა გამოქვეყნა “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”, რომელიც მოგვითხრობს სხვადასხვა მოწმეთა მიერ განსხვავებული კუთხით დანახულ მკვლელობაზე. ამ რომანიდან, გაბომ, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, დაიწყო მისი მაგიური სამყაროს საძირკვლის ჩაყრა და იმ პერსონაჟების შემოყვანა ამ მაგიურ სივრცეში, რომლებიც წიგნიდან წიგნში მისი ნაწარმოებების უცვლელი პერსონაჟები ხდებიან. გარსია მარკესი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ლიტერატურული სტილის – “მაგიური რეალიზმი” წარმომადგენელი, თუმცა მხოლოდ “მაგიური რეალიზმით” მისი კატეგორიზაცია არ შეიძლება. მის ნაწარმოებებში გამოგონილი ამბავი ენაცვლება ნამდვილს. თხრობის მაღალმხატვრულმა მანერამ და წერის გამორჩეულმა სტილმა გაბრიელ–გარსია მარკესი XX საუკუნის ლიტერატურულ სიმბოლოდ აქცია.

1999 წელს გაბოს ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს – ლიმფური სისხლძარღვების კიბო, ამ მოვლენამ მწერალს მემუარების წერა დააწყებინა. 2000 წელს მთელს მსოფლიოს ელვასავით მოედო ახალი ამბავი, მწერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო პერუს დედაქალაქ ლიმაში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთში, “ლა რეპუბლიკა”–ში დაბეჭდილი არასწორი ინფორმაციით.

2002 წელს მარკესმა გამოაქვეყნა მისი მემუარების კრებული, რომელსაც სათაურად სამი ესპანური სიტყვა უძღოდა წინ: Vivir para contarla (იცხოვრო, რათა მოყვე). მარკესს მისი მემუარების გამოცემა სამ ტომად აქვს ჩაფიქრებული და ეს წიგნი პირველი ტომია მისი უზარმაზარი ავტობიოგრაფიული შრომისა. გამოცემისთანავე წიგნი ბესტსელერად იქცა ესპანურენოვან სამყაროში. ამ წიგნის 2003 წელს გამოცემული თარგმანი კი – ახალ ბესტსელერად იქცა.

2004 წლის აგვისტოში მარკესმა ჰოლივუდის კინოკომპანია “Stone Village Pictures” მიჰყიდა უფლება საკუთარი რომანის “სიყვარული ჭირის დროს” ეკრანიზაციაზე. კინოსურათის ბიუჯეტმა შეადგინა 40 მილიონი დოლარი. გადაღებები წარმოებდა კარტახენში, კარიბის ნაპირებზე (კოლუმბია).